ტანვარჯიშის მარათონი 2024

ორი დღის განმავლობაში, თბილისის ოლიმპიური სპორტ-ქალაქი, მხატვრული ტანვარჯიშის ცენტრად იქცა! 8 და 9 ივნისს დიღმის ტანვარჯიშის არენაზე გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში “ტანვარჯიშის მარათონი 2024”. საქართველოს ტანმოვარჯიშეებთან ერთად ფიცარნაგზე გამოვიდნენ ტანმოვარჯიშეები: ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, სომხეთიდან, ფილიპინებიდან და ურკრაინიდან. ტურნირის პირველ ნაწილში დებიუტანტები წარსდგნენ, ხოლო მეორე ნაწილში გამოცდილი სპორტსმენები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის იუნიორი ტანმოვარჯიშეები. ტურნირის ორგანიზატორი იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბი: ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლა. ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ევროპის ტანვარჯიშის მხატვრული ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის წევრი ქალბატონი ელისო ბედოშვილი. მსაჯთა კოლეგია შედგებოდა უმაღლესი კატეგორიის მსაჯებისგან ისრაელიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მათ აღნიშნეს, რომ “ტანვარჯიშის მარათონი 2024” მაღალ დონეზე ჩატარდა და მომავალშიც ეწვევიან ჩვენს ქვეყანას.