საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართება დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სხდომაზე განიხილეს სამი საკითხი, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევის შესახებ. აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდების მე-8 თავის 1.1. მუხლის შესაბამისად, 2020 წლის 11 სექტემბერს მოწვეულ იქნას სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესია.“ ამავე სხდომაზე დაამტკიცეს სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დღის წესრიგი და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სეოკ-ის წესდების და საერთაშორისო ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნების სრული დაცვით. სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატთა შემადგენლობის ფორმირება მოხდება სეოკ-ის წესდების მე-4 თავის 1.1.1. მუხლის შესაბამისად. სეოკ-ის უფლებამოსილმა წევრმა ორგანიზაციებმა საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატთა პერსონალური სია სეოკ-ის ოფისში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 1 სექტემბრისა. სეოკ-ის წესდების მე-10-თავის 1.1. მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი სუბიექტების მიერ სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევი კანდიდატის წარსადგენი დოკუმენტაციის სეოკ-ში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 სექტემბერის 18 საათი. სხდომაზე აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის გათვალისწინებით, სეოკ-ის სესიის მომზადების და ჩატარების დროს მაქსიმალური სიზუსტით იქნება დაცული შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები და რჩევები. სეოკ-ში გამართულ დღევანდელ სხდომაზე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს და სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს სეოკ-ის მოქმედ პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს. აღმასკომის წევრებმა ისაუბრეს ლერი ხაბელოვის განსაკუთრებულ დამსახურებაზე ქართული სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, იმსჯელეს საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე წარსადგენ სეოკ-ის სუბიექტთა და პერსონალურ პირთა შესახებ. სხდომაზე ასევე ისაუბრეს 2020 წლის შედეგების მიხედვით სეოკ-ის ნომინაციების შესახებ. აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, პანდემიის პირობებში საერთაშორისო სპორტული და ოლიმპიური კალენდრით გათვალისწინებული შეჯიბრებების დიდი ნაწილის გაუქმების გამო, 2020 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენა მიზანშეუწონლად ჩაითვალა.