ისტორია

ისტორიული, არქეოლოგიური და წერილობითი წყაროებით დასტურდება, რომ ტანვარჯიში შორეულ წარსულშია აღმოცენებული. ძველ საბერძნეთში, ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთსა და სხვა ქვეყნებში ტანვარჯიშულ და აკრობატულ კომპოზიციებს ძალისა და მოქნილობის სადემონსტრაციოდ იყენებდნენ. ტანვარჯიში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, როგორც სპეციალურ ფიზიკურ ვარჯიშთა სისტემა, სხეულის წრთობის საშუალება. თანამედროვე ტანვარჯიშსა და ძველ გიმნასტიკას (ბერძ. gymnastike < gymnazo _ ვწვრთნი, ვავარჯიშებ) შორის არსებითი განსხვავებაა. გიმნასტიკაში შედიოდა არა მხოლოდ წმინდა ტანვარჯიშული ელემენტები, არამედ ათლეტიკაც (რბენა, ხტომა, ტყორცნა, ჭიდაობა, ფარიკაობა, მუშტი-კრივი). ძველ საბერძნეთში გიმნასტიკურ ვარჯიშებს იყენებდნენ ანტიკური ოლიმპიური თამაშებისთვის ყმაწვილების მოსამზადებლად, ძველ რომში _ სამხედრო მიზნებისთვის.