
საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ადგილი აქვს არაჯანსაღი ვითარების შექმნის მცდელობას, რომლის მიზანია ფედერაციის საქმიანობის აშკარა ხელშეშლა და ფედერაციის ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და სახელმწიფო ორგანოების წინაშე. ფედერაციასთან დაპირისპირებული გარკვეულ პირთა წრე ცდილობს, რომ ფედერაციას მოუწყონ პირდაპირი საბოტაჟი და უბიძგებენ მწვრთნელებსა და სპორტსმენებს აღნიშნულისკენ. აგრეთვე, არის შემთხვევები არასრულწლოვან სპორტსმენთა მშობლების დეზინფორმირების კუთხით, რათა ისინიც გარკვეული ფორმით ჩართულნი იყვნენ ფედერაციის საწინააღმდეგოდ მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად აღნიშნულისა, ფედერაცია საქმიანობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში და პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, როგორც ჩვენს ქვეყანაში ტანვარჯიშის სახეობების ხელმძღვანელი და მათ განვითარებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი აღიარებული სპორტული ორგანიზაცია. ამასთან, ფედერაცია პატივს სცემს ყველა პირის მოსაზრებას, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია გარკვეულ საკითხებზე, ხოლო ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას, თუ მათი მხრიდანაც იქნება პოზიტიური მიდგომა და სურვილი, ჯანსაღი ურთიერთობებისა და კომუნიკაციისთვის. ფედერაცია მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდნენ ჩართული საბოტაჟის რეჟიმის შექმნის მცდელობაში, დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას და ჩვეულებრივი რეჟიმით გააგრძელონ სამუშაო-საწვრთნელი პროცესი. ამავდროულად, ფედერაცია არ დაუშვებს საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერ მცდელობას და იმ პირთა მიმართ, რომლებიც კვლავაც განაგრძობენ საბოტაჟს, ეთიკის ნორმების დარღვევასა და ფედერაციის სამუშაო პროცესის დაზიანებას, გატარდება კანონმდებლობითა და ფედერაციის წესდებით განსაზღვრული ზომები.