მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიელებს და პარალიმპელებს წარმატებები უსურვა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, ქალბატონო მინისტრო, ბატონო მერო, მივესალმები ბატონ ლერი ხაბელოვს, დიდი პატივისცემით, მივესალმები ჩვენს გმირ სპორტსმენებსა და ჩვენს სასახელო, საამაყო ოლიმპიელებს! ასევე, დიდი პატივისცემით, მივესალმები ჩვენს პარალიმპიელებს, დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა. ჩვენ, დღეს, ყველანი ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი გაცილება ტოკიოში. გიყურებთ რა თქვენ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ყველანი, რომ ჩვენ ვართ, მართლაც, ჩემპიონების ერი. ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი წყალობა, ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, მინდა გითხრათ, რომ მთელი ერი შემოგცქერით ახლა თქვენ. მჯერა, რომ თქვენ გამოხვალთ რა, ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში, ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა, ყველას გისურვოთ გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს მინდა გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს. წარმატებები, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია თბილისის ოლიმპიურ პარკში გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მთავრობის მეთაურს ქართული სპორტის მიმართ გამოჩენილი ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი კახა კალაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი უმასპინძლებს, საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი სპორტსმენით წარდგება. პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბერს ჩათვლით გაიმართება და საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში 16 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის მედროშეები იქნებიან ლეგენდარული ოლიმპიელები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე, ხოლო საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდის მედროშე იქნება პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი.