სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ლაშხმა ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამოცანებზე ისაუბრა. პირველ რიგში მან აღნიშნა, რომ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისათვის ფედერაციას ჯერჯერობით მოპოვებული აქვს 2 ლიცენზია, მხატვრულ ტანვარჯიშში იასპარეზებს სალომე ფაჟავა, ხოლო ბატუტზე ხტომებში ლუბა გოლოვინა, რაც ფედერაციისთვის საამაყო მიღწევაა.

თუმცა ფედერაციის წინაშე დღეისათვის სერიოზული პრობლემები დგას, რომელთა მოგვარება სხვადასხვა სტუქტურების ჩართვით იქნება შესაძლებელი. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის დიღომში, ოლიმპიურ პარკში აშენებული „ტანვარჯიშის არენა“ თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი უნიკალური ბაზაა, რომ ახალგაზრდობამ ივარჯიშოს და აიმაღლოს თავისი სპორტული მიღწევები, მაგრამ სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ იქამდე მისასვლელი ტრანსპორტი არ არსებობს. მან ასევე თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ტანვარჯიშის სკოლის და იმ ობიექტების თობაზე ისაუბრა, რომლებიც წლების წინ სხვადასხვა ორგანიზაციებს გადაეცა და ახლა მათი დაბრუნებისა და მოწყობის საკითხი დგას.

მომხსენებელმა ბავშვთა სპორტის განვითარებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილების სრული დატვირთვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ქონების მართვის სააგენტოსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც სხდომაზე დასმულ საკითხებთან დაკავშირებით მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს თბილისის მერიის სამსახურებსაც და შესაბამის სამინისტროებსაც, რომ გამონახონ რესურსები, რათა სხდომაზე წამოჭრილი პრობლემები დროულად მოგვარდეს, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა აქტიურად დაიტვირთოს და ახალგაზრდობა მასობრივად ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში.