სეოკ-ის 2017 წლის საანგარიშო სესია

მიმდინარე წლის, 22 დეკემბერს სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია, რომელსაც ხმის უფლების მქონე 133 დელეგატიდან 107 დელეგატი დაესწრო. სესიის დელეგატთა შორის იყვნენ ჩვენი ფედერციის დელეგატებიც: კონსტანტინე ლაშხი––პრეზიდენტი, რუსუდან ხოფერია––გენერალური მდივანი, რუსუდან სიხალურიძე პირველი ვიცე–პრეზიდენტი და ნელი სალაძე ვიცე–პრეზიდენტი.
სესიას ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინის ეოკ-ის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, და სხვა საპატიო სტუმრები.

2017 წელს ჩატარებული მუშაობის, წლის სპორტული მიღწევების და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენებით გამოვიდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი

აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.

სპორტში ქალთა წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ბატუტზე ხტომაში, ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერია.
ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის ოლიმპიური მედლებით დაჯილდოვდა რამდენიმე სპორტის მოღვაწე და მათ შორის იყო ჩვენი ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ნელი სალაძე.

ვულოცავთ ქალბატონ რუსუდანს და ქალბატონ ნელის ამ ჯილდოებს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!

სურათები